ახალი აღმოჩენის მოლოდინში

 

მინგარიის კირქვული მასივი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი კარსტის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ პერიფერიულ ნაწილში, მდ. ხობისწყლისა და მდ. ტეხურის ხეობებს შორის. ადმინისტრაციულად კი ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონებშია მოქცეული.

 

პირველი ქართველი მკვლევარები, რომლებიც მინგარიის მასივს ესტუმრნენ იყვნენ: პროფესორი ლევან მარუაშვილი, ელენე და მოსე სოხაძეები. მომდევნო წლებში, გეოგრაფიის ინსტიტუტის საექსპედიციო რაზმმა - ბ.გერგედავას, კ.წიქარიშვილის, ვ.კაპანაძის და ა.ჯამრიშვილის შემადგენლობით მინგარიის კირქვული მასივის სპელეოლოგიური თავისებურებების შესწავლა დაიწყო. მინგარიის მასივში თხუთმეტამდე მღვიმეა გამოვლენილი ("საქართველოს კარსტული მღიმეების კადასტრი", ზ.ტატაშიძე, კ.წიქარიშვილი, ჯ.ჯიშკარიანი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, 2009 წ.).

 

მიგარიას მასივის მღვიმეთაგან აღსანიშნავია მის დასავლურ ნაწილში, კერძოდ, ჩხოროწყუს რაიონის, სოფ. მუხურიდან 3 კმ-ის დაშორებით, მდ.ხობისწყლის მარცხენა მხარეზე, გასული საუკუნის 80-იან წლებში, გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ ადგილობრივ მცხოვრებთა ხელშეწყობით აღმოჩენილი და ნაწილობრივ გამოკვლეული შურუბუმუს კარსტული მღვიმე.

 

მეცნიერთა ჯგუფი (ბ. გერგედავას ხელმძღვანელობით) და ადგილობრივი ენთუზიასტები რამოდენიმე წელია ცდილობენ შურუბუმუს მღვიმის შესასვლელის გახსნას. მაგრამ მღვიმე თავის საიდუმლოებას დღემდე ინახავს. ფინანსური სირთულეების გამო რამოდენიმე წელია სპელეოექსპედიციები შეწყდა. თუმცა, ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილის, იგორ ფიჩხაიას, და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რომან თოლორდავას ენთუზიაზმისა და დიდი ნებისყოფის შედეგად, მღვიმის შესასვლელის გახსნის მცდელობა დღემდე გრძელდება. მათი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს გათხრითი სამუშაოები და შესასვლელის ქვა-ღორღისაგან გაწმენდა.

 

ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თანხმობით გადაწყდა განახლდეს  მინგარიას კირქვული მასივის კარსტისა და უნიკალური მღვიმური სისტემების  კვლევა და დამუშავდეს მათი ტურისტული მიზნით გამოყენების პერსპექტივები.

 

ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილში,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდნენ: ინსტიტუტის დირექტორი, ქ-ნი ნანა ბოლაშვილი, დირექტორის მოადგილე, ბ-ნი ზურაბ ჯანელიძე და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სპელეოლოგი, კუკური წიქარიშვილი. მათ მოინახულეს შურუბუმუს მღვიმისა და ლუგელას ხეობის მიმდებარე ტერიტორიები. მეგზურობას ბატონი იგორ ფიჩხაია და ბატონი რომან თოლორდავა უწევდათ. დაზვერვითი სამუშაოების შედეგები ასეთია:

 

შურუბუმუს ქვაბული ვიზუალურად, დედამიწის ზედაპირზე თითქმის არ ფიქსირდება. მისი არსებობის გარკვეული ნიშნები აღინიშნება მდ. ხობისწყლის ხეობის მარცხენა ნაპირზე, სადაც კირქვული მასივის ვერტიკალური და დამრეცი კედლები დანაპრალებულია და სიღრმიდან ისმის წყლის ხმა. ნაპრალში ჩაგდებული ქვის მიერ გამოწვეული ექოს შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ კარსტული სიცარიელის ზომები.

 

უხვი ატმოსფერული ნალექების მიუხედავად, დედამიწის ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე ნაკადულის გამოსასვლელი გვხვდება. სამაგიეროდ, კარსტულ მასივში არსებულ მრავალრიცხოვან სიცარიელეებში უხვად გაედინება მიწისქვეშა წყლები. 

 

 

შურუბუმუს (შურუბუმუ მეგრულად სულგანაბულს ნიშნავს) მღვიმის შესასვლელი ქვის ნაზვავით არის ჩაკეტილი. მის ფსკერზე გაედინება წყლის ნაკადი. მასში იგრძნობა ჰაერის მასების სუსტი მოძრაობაც, რასაც ზედაპირსა და სიღრუეს შორის ტემპერატურათა სხვაობა განაპირობებს. შურუბუმუს მღვიმისთვის დამახასიათებლია ვიწრო ხვრელები, სიღრუეები სიფონური წყლით იკეტება, თუმცა გავლა ბოლომდე შეიძლება (150 მ).  სიღრუე გამომუშავებულია ზედაცარცული (ტურონი) ასაკის თხელშრეებრივ კირქვებში. მღვიმე დამშვენებულია თითქმის ყველა სახის ნაღვენთი ფორმებით - სტალაქტიტიდან დაწყებული, ჰელიქტიტების ჩათვლით. კედლები მორთულია "გაქვავებული ჩანჩქერებით". მღვიმეში გაედინება წყლის ნაკადი.


 

შურუბუმუს მღვიმე ბუნების ერთ-ერთ საინტერესო ობიექტს წარმოადგენს. მღვიმის შემოგარენის კარსტული რელიეფი მრავალფეროვანია; წარმოდგენილია ბუნების ისეთი იშვიათი ფორმები, როგორიცაა კანიონები (ადგილ შურუბუმუს მონაკვეთზე), ჩანჩქერები (ოჩხომურის), ვოკლუზები (შურუბუმუ, შიქშა, ატამანა, ვაუს, ხურუს და სხვ.). აღნიშნული ობიექტები საინტერესო ტურისტულ ობიექტებს წარმოადგენენ, რომელთა კეთილმოწყობისა და უსაფრთხო ტურისტული ექსპლუატაციის წინაპირობების გამოვლენა გარკვეულ გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების საქმეში. დარწმუნებულები ვართ, მინგარიას მასივის ზოგიერთი უნიკალური მღვიმე და მისი სანახები  (ლუგელას სამკურნალო წყაროებთან ერთად) დიდ სიამოვნებას მიანიჭებს დამთვალიერებელს.