საქართველოს გლაციოლოგიური კატალოგი AR/151/9-102/13

 

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მოქმდების პერიოდი: 2014-2016 წწ.

ხელმძღვანელი: რამინ გობეჯიშვილი

 

საქართველოში 1960-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა მყინვარების რაოდენობის და ფართობის დადგენა, მათი ექსპოზიციის, მორფოლოგიური ტიპების, ზ.დ. სიმაღლის და სხვა გლაციოლოგიური პარამეტრების განსაზღვრა, ამიტომ პროექტის მიზანია დადგენილი იქნეს საქართველოში მყინვარების რაოდენობა და ფართობი, განისაზღვროს გამყინვარების დინამიკა XX საუკუნესა და  XXI საუკუნის დასაწყისში, დადგინდეს და გამოიკვეთოს კორელაციური კავშირები, ერთი მხრივ, მყინვარების მორფომეტრული მახასიათებლებსა (ფართობი, ენის სიგრძე, საშუალო სიმაღლე, ფირნის ხაზის სიმაღლე) და მეორე მხრივ - ფირნის ხაზის სიმაღლეზე საშუალო წლიურ ტემპერატურებსა და დადებით ტემპერატურათა ჯამებს შორის, რაც დაგვეხმარება მყინვარების რყევის დინამიკასა და გლობალური დათბობის ურთიერთკავშირის დადგენაში.

კვლევის საბოლოო შედეგი იქნება საქართველოს გლაციოლოგიური (მყინვარების) კატალოგის შედგენა, რომელიც იქნება ორენოვანი _ ქართულ-ინგლისური, და მასში შევა მყინვარების რუკები 1 : 50 000-იან მასშტაბში მდინარეთა აუზების მიხედვით _ ენგურის, რიონის, ბზიფის, კოდორის, თერგის, ლიახვის, ასას, არღუნის, პირიქითა ალაზნის და არაგვის. კატალოგი იქნება მაღალი სამეცნიერო დონის და მასში მოთავსებული იქნება უახლესი ინფორმაცია. ილუსტრირებული იქნება რუკებით, მყინვარების ციფრული სამგანზომილებიანი მოდელებით და ფოტომასალით. პროექტის ბოლო ეტაპზე მომზადდება და გამოიცემა მონოგრაფია საქართველოს მყინვარებზე.